სასაფლაო, ნაგავი და ქართველები

აღდგომის დღესასწაულს გილოცავთ ყველას.
იმედი მაქვს კარგად ხართ.
სასაფლაოზე იყავით? პატივი და ხსოვნა მიაგეთ თქვენს წინაპრებს?
მე ვიყავი.
მე და დედაჩემი ვიყავით, ბებიების სასაფლაოზე.
სამწუხაროდ პატივისა და ხსოვნისთვის ვერ მოვიცალეთ, სასაფლაოს წმენდას გადავყევით. ფოთლებს და წიწვებს არ ვგულისხმობ.
პარკებზე, ბოთლებზე, საჭმლის ნარჩენებზე, პასკებზე, დაზელილ წითელ კვერცხებზე და დალეწილ შამპანიურის ბოთლებზე მაქვს საუბარი.

საერთოდ როდესაც ქართველობაზე და ქართველებზე ფიქრობთ, ალბათ მაშინვე ის გახსენდებათ თუ რამდენად დიდ პატივს ვაგებთ ჩვენს წინაპრებს, რამდენად სარწმუნოებით გაჟღენთილი და სუფთა ხალხი ვართ.
მე კი მხოლოდ ამას ვხედავ.

30530597_442408496204395_8508502359960190976_o
ხო, ნაგავსაყარს, ვიღაცის საფლავზე დაყრილ ნაგავს ვხედავ. ვიღაცის დედის, მამის ბიძის ან შვილის, ადამიანის საფლავზე დაყრილ ნაჭამს, ჩამძღარი და ამოყორებული ადამიანების მიერ მოთხვრილ საფლავს ვხედავ.
ეს შეიძლება ვიღაცის დედის საფლავი იყოს და შვილი სიბერის გამო ვეღარ აკითხავდეს, ან შვილიც აღარ იყოს ცოცხალი, განა ეს იმის უფლებას გვაძლევს რომ სასაფლაოები ნაგავსაყრელებად ვაქციოთ? განა ეს გაძლევთ იმის უფლებას რომ პასკები, კვერცხები, ხაჭაპურ ხარჩო-სალათები ვიღაცის საფლავში ჩაყაროთ? ჩაღვაროთ და ხელები ჩაიბანოთ? იქნებ ჩააფურთოთ კიდეც?

30530908_442408456204399_1223383097387515904_o
არ ვცდილობ ვინმეს მორალი წავუკითხო, მაგრამ ფაქტი სახეზეა. მე იმისიც კი შემრცხვა სასაფლაოზე ფოტოებს რომ ვიღებდი, მაგრამ ვიზუალურად თუ არ დაინახეთ რაზე ვსაუბრობ, შეიძლება არც დამიჯეროთ.

30531340_442408509537727_6244761338896187392_o
სანამ მე და დედა ბებიების საფლავს ვალაგებდით, ვიღაც ქალმა გამოიარა და ჩვენს წინ აკოკოლავებულ ნაგვის ბუდეს დიდი პარკი მიამატა. ისედაც გაცოფებულმა დედამ ქალს მიუთითა ხეზე გაკრულ წარწერაზე, რომელზეც დიიიდი ასოებით ეწერა, რომ მოქალაქეებს აქ ნაგვის დაყრის უფლება არ ქონდათ. ქალმა შემოგვხედა, ჩაიცინა და გვითხრა – ჩემმა ერთმა პარკმა შეგიშალათ ხელიო?
საქმე სწორედ იმაშია, რომ დიახ! ერთი პარკი წყვეტს ყველაფერს, ერთი ადამიანია მთავარი! მხოლოდ ერთი! შენ არ დადო, შენ ნუ დაყრი და ნუ ააოხრებ საფლავებს და თუ დაინახე რომ ვინმე იგივეს აკეთებს თვალს ნუ დახუჭავ!
ყველა თუ ამ მენტალიტეტით ვივლით – ჩემმა ერთმა პარკმა შეგიშალა ხელი? რამდენი პარკი დაგროვდება? რამდენი ცელოფანი და რამდენი დამტვრეული ბოთლი?

30582459_442408462871065_3845064554006446080_o
რას ვლაპარაკობ.. უკვე დაგროვებულია.. უკვე ამოღორებულია ყველაფერი. უკვე წაბილწული და ჩაბოსელებულია ჩვენი “წმინდა სასაფლაოები”
გილოცავთ ქართველებო, საპატიოდ უნდა გადმოგვეცეს ღორების წოდება. მეტს არაფერს ვიმსახურებთ.
ისიც გაითვალისწინეთ ვაკის სასაფლაოს წინ, გამოსასვლელთან, ერთი ნაგვის ურნაც კი არ დგას. ერთი ნაგავსაყრელიც კი არ არის რომ ადამიანმა ნაგავი გამოიტანოს და სადაც წესია იქ გადაყაროს.
მაგრამ ეს იმის უფლებას არ გვაძლევს რომ სადაც ვჭამთ იქვე მოვისაქმოთ. აიღეთ თქვენი ნაგავი და ატარეთ იქამდე სანამ ნაგავსაყრელს არ იპოვით. ჩვენ ჩვენი კორპუსის ურნაში გადავყარეთ, და დამიჯერეთ სასაფლაოდან საკმაოდ შორ მანძილზე ვცხოვრობთ.
თუ ჩემმა მკვახე სიტყვებმა გაგაღიზიანათ, ესეიგი სადღაც, ვიღაცის ბაბუს საფლავზე ლუდის ბოთლი გაქვთ დაგდებული და არ გესიამოვნათ რომ ვიღაცამ ხმა ამოიღო ამ თემაზე.
თუ ყველა თავის ნაგავს მოუვლის ეს ქვეყანა უკეთესი ადგილი იქნება.
გრცხვენოდეთ მეგობრებო, თურმე იმ სიწმინდესაც არ სცემთ პატივს, რასაც სასაფლაო და წინაპრები ქვია.

 

სიყვარულით კელისგან ❤


Leave a comment